მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე დღეს დილით გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

„შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. სულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები“,  – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზეც იყო, თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, მათმა თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს და ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.