მუხიანში კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ - რა პასუხი აქვს მერიას

პუბლიკა

მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა დღეს თბილისის მერიის წინ გააპროტესტა. მათ მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე კორპუსების ნაცვლად სიმწვანე და სტადიონი სურთ. ამ მოთხოვნებისა და არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, დღეს მერიამ აქციის მონაწილეებს განცხადებით უპასუხა.

მერია განმარტავს, რომ ადგილზე განთავსდება 6 კორპუსი, ორი 14-სართულიანი, ოთხი კი 12-სართულიანი.

„ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართულიანი შენობებისა, დაიგეგმა 6 შენობის განთავსება, სადაც 2 იქნება 14-სართულიანი და 4 კი, 12-სართულიანი“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომელიც „პუბლიკასაც“ მიაწოდეს.

განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ კორპუსების მშენებლობასთან ერთად ტერიტორიაზე დაგეგმილია 2380 კვ.მ-ს სარეკრეაციო ზონა 2”-ის მოწყობა, სადაც კეთილმოწყობილი სტადიონი და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა იქნება.

ვიდრე თბილისის მერია ამ განცხადებას გაავრცელებდა, მერიის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობდნენ „მოვედით მერთან თხოვნით, არ აგვიშენონ კორპუსები. ერთი წელია ამას ვითხოვთ. დღეს თუ ვართ 40-50 კაცი, ხვალ ვიქნებით 1000-2000“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების თქმით, მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე ის ტერიტორია, სადაც კორპუსების აშენება იგეგმება, წლების განმავლობაში იყო უყურადღებოდ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ადგილზე შენარჩუნდეს სიმწვანე და რეკრეაციული ზონა. ამ მოთხოვნებით აქციების შესაწყვეტად, როგორც ამბობენ, რამდენჯერმე დაემუქრნენ კიდეც.

„12 წელია მიგდებული იყო ეს ადგილი. მოდიან ღამ-ღამობით და უნდათ შემოღობონ ტერიტორია, ჩვენ არ ვაძლევდით ამის უფლებას, არ ვაღობინებდით და რამდენჯერმე მოგვიყვანეს „კუნთმაგარი ბიჭები“, – ამბობს მუხიანის მცხოვრები.