რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები.
შესაბამისად პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.
აღნიშნული მუხლი შესაბამისი ნაწილით, 13-იდან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნით.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.