მუხთარლიმ აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ბერლინში შიმშილობა დაიწყო

პუბლიკა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გერმანიაში ცხოვრობს, შიმშილობა დაიწყო. ის აზერბაიჯანში დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ტოფიგ იაგუბლუსა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც მუხთარლი Faceebok-ზე წერს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისთან მეორე დღეა შიმშილობენ.

ტოფიგ იაგუბლუს, რომელიც აზერბაიჯანში მარტში დააკავეს, სასამართლომ 3 სექტემბერს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აზერბაიჯანის პროკურატურა იაგუბლუს ხულიგნობაში ადანაშაულებდა. პროკურატურის მტკიცებით, პოლიტიკოსი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავს დაესხა მძღოლს, რომელთანაც ავარია მოუვიდა. იაგუბლუ კი ამბობდა, რომ მას დაეჯახნენ და ავარიისთანავე დაესხნენ თავს.

იაგუბლუსათვის გამოტანილი განაჩენი დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა, ევროკავშირმა კი აზერბაიჯანს მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდა.