მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში „ტრანსნაციონალურ რეპრესიებზეა“ საუბარი და შეფასებულია წლების განმავლობაში მომხდარი ის ფაქტები, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებს მიღმაც ახერხებენ მოწინააღმდეგეების გაჩუმებას, ხელში ჩაგდებას, და არც ისე იშვიათად – მკვლელობასაც კი. კვლევის თანახმად, საქართველოს სამეზობლოში არაერთი ასეთი ქვეყანაა: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება საქმე, რომლის გამოც საქართველო ამ კვლევაში მოხვდა. აფგან მუხთარლის საქმე სწორედ „ტრანსნაციონალური რეპრესიის“ და მთავრობათა შორის შესაძლო თანამშრომლობის მაგალითადაა განხილული. საქართველოს, მისი სამეზობლოსა და ევრაზიის რეგიონის შესახევ კვლევის თანავტორი და „ფრიდომ ჰაუზის“ კვლევების სტრატეგიის დირექტორი, ნეით შენკანი გვესაუბრა:
– ის, რაც საქართველოს ამ კვლევის ნაწილად აქცევს და თქვენც ახსენეთ – არის ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე. ანგარიშის ავტორები ამას მოტაცებას უწოდებთ. რას ნიშნავდა ეს საქმე და როგორ ფიქრობთ, იმოქმედა თუ არა მან ქვეყნის, როგორც ავტორიტარულ რეჟიმებს გამოქცეული პირების არაფორმალური თავშესაფრის იმიჯზე, და ზოგადად უსაფრთხოების აღქმაზე?
– ვფიქრობ, ამის შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ, ამგავრი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს [ამ ადგილს] შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, ნამდვილად, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ.
ამასთან, როდესაც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს ვიკვლევთ, ვხედავთ, რომ როდესაც საუბარი მოტაცებას შეეხება, სინამდვილეში ამ შემთხვევების უმრავლესობა მოიცავს მთავრობათაშორის თანამშრომლობას. უმეტესად გატაცება გულისხმობს უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობას და მუხთარლის საქმის თაობაზე, სხვა მასალებშიც ნამდვილად არის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ იყო რაღაც ტიპის თანამშრომლობა.