„მულტიმედია მუზუმში“ ქვიარ თემატიკის წიგნის პრეზენტაცია აღარ გაიმართება

პუბლიკა

6 მარტს „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში“ დაგეგმილი იყო წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ პრეზენტაცია თუმცა, პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, „შემოქმედებითმა გაერთიანება სპექტრმა“ 4 მარტს დაწერა, რომ მუზეუმმა პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე უარი თქვა.

მათი ცნობით, მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნესტან ნიჟარაძემ მიზეზად „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობა“ დაასახელა და ღონისძიების ლოკაციის შეცვლა მოითხოვა.

„შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი“ მუზეუმის ხელმძღვანელის მიერ დასახელებული მიზეზს „დაუჯერებელ სიყალბედ“ აფასებს და მიაჩნია, რომ სახელოვნებო ინსტიტუციამ „თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ“ მოექცა.

პროექტის ავტორები ფაქტს „ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ დაანონსებას და კრებულის გარშემო ჰომოფობიური დისკურსის გააქტიურებას უკავშირებენ.

„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს დაიწყოს კანონის განხილვა ე.წ „ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ. აღნიშნული კანონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მკაცრად რუსეთში, სადაც მისი ინიციირება რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელმაც ძირი გამოუთხარა გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი რუსეთის სახით ვხედავთ.

საქართველოში ამ კანონის შესახებ საუბრები გასული წლის მარტის მოვლენების შემდეგ დაიწყო, თუმცა, წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს „აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის” მაგალითად ნათლავენ, რაც, არამხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა. ასეთი კანონის პირობებში, ქართული მხატვრობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშების შექმნაც კი შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ყველაზე საამაყო ქართველ არტისტებს, საბჭოთა რუსული ხელისუფლება, თავის დროზეც სწორედ ჰომოფობიური კანონმდებლობით ებრძოდა.

ამ მოვლენების ფონზე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა პრეზენტაციის მასპინძელი, „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის“ ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე, რომელმაც გვაცნობა, რომ 6 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, შეუძლებელი იქნებოდა შენობის „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო“ და კატეგორიულად მოითხოვა ღონისძიების ლოკაციის შეცვლა – აღნიშნული მიზეზი არამხოლოდ დაუჯერებელ სიყალბედ მიგვაჩნია, არამედ არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ ნაცვლად წინააღმდეგობისა და გამბედაობისა, რაც ყველაზე მეტად მოეთხოვება ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას, სამწუხაროდ ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია….

არამხოლოდ ვგმობთ, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მათ შორის სახელოვნებო ისტორიაში, სამუდამოდ ჩაიწერება ყველა იმ ინდივიდის, ინსტიტუციის, სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ჯგუფის სახელები, რომლებიც, ასეთ გადამწყვეტ მომენტში, გვერდში დგომის ნაცვლად, ზურგს აქცევენ საფრთხის წინაშე მყოფ თავისუფალი თვითგამოხატვის მქონე შემოქმედებით ჯგუფებს, ქვიარ ადამიანებს, და პირველ რიგში, ყველა იმ არტისტს, რომლებიც წიგნშია მოხსენიებული.

მიგვაჩნია, რომ არც „აჭარა ჯგუფს” და არც „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს” აღარ აქვთ უფლება, საზოგადოებას შემოქმედებით თავისუფლებაზე ელაპარაკონ და უსაფრთხო სივრცის სახელით პოზიციონირებდნენ. ჰომოფობიური ცენზურის ამოქმედებამდეც კი ცენზურის ქვეშ მოყოლილი სივრცე ვერ იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ღირებული სასიკეთო ცვლილებების შთამაგონებელი ადგილი“, – წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

პროექტის ავტორები პრეზენტაციისთვის ახალ სივრცეს ეძებენ.

ფოტოგრაფიის და მულტიმედია მუზეუმი წერს, რომ წიგნის გარშემო ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ წიგნის საინიციატივო ჯგუფმა უსაფრთხოების ზომები მოითხოვეს, რის უზრუნველყოფის რესურსიც მუზეუმს არ აქვს. მათივე თქმით, ამის შესახებ მუზეუმმა საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე აცნობა და განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მუზეუმი ვერ უმასპინძლებდა ღონისძიებას და ვერცერთ ვიზიტორს ვერ დააყენებდა თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ.

„წიგნის „ცის ფერი“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება არსებული მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა, რითაც საერთო საქმე მხოლოდ ზარალდება. მუზეუმი ეპატაჟის გარეშე გააგრძელებს თავის საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს დაიცავს“, – წერია განცხადებაში.

„აჭარა ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა:

„მუზეუმი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე.

აჭარა ჯგუფთან აღნიშნულ ღონისძიებაზე კომუნიკაცია აქამდე არ მომხდარა და ვინაიდან ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს ვთავაზობთ აჭარა ჯგუფის სახელოვნებო სივრცეს არტარეას ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


„ცისფერი – ქვიარ ამბავი ხელოვნებაში“ ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. ამ ისტორიის სხვადასხვა ეპოქის კვლევაზე მუშაობდნენ კურატორი ქეთევან (ქეთი) შავგულიძე და ავტორები: ნიკა ნადირაშვილი, ქრისტინე დარჩია, გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი და ხათუნა ხაბულიანი. წიგნი ასევე მოიცავს გიორგი კიკონიშვილის, უტა ბექაიას, დავით აფაქიძის, ლაშა ყაბანაშვილისა და ანდრო დადიანის ტექსტებს.

„გამოცემა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს: როგორ ვლინდება გენდერული ფლუიდურობა და როგორია ქვიარ ნაკვალევი ხელოვნებაში, როგორ არის მანიფესტირებული ის სხვადასხვა დეკადაში და სხვადასხვა მედიუმში – გრაფიკა, ფერწერა, ფოტო, პერფორმანსი, ვიდეო თუ სხვა ვიზუალური პრაქტიკა. ავანგარდული ხელოვნებიდან დღემდე, განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული გარემოს და გამოწვევების პირობებში შექმნილი ნამუშევრების შესახებ სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერილი მნიშვნელოვანი ავტორების ტექსტების მეშვეობით, წიგნი აერთიანებს ქვიარ ისტორიის ფრაგმენტებს – ვიზუალურ ამბებს ქვიარ გამოცდილებაზე, სქესსა და სექსუალობაზე, სხეულებსა და იდენტობებზე, სიყვარულსა და სურვილებზე, შიშებსა და ტკივილზე, თავისუფლებაზე და კავშირზე, რომელიც დროსთან ერთად იცვლებოდა“, – აღნიშნულია კრებულის პრეზენტაციაში.