თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ითვალისწინებს, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას, რის გამოც სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები და პროგრამები დროებით დაიხურა და ამიტომ, მისი განცხადებით, მერია უწყვეტად განაგრძობს პროგრამების სახელფასო დაფინანსებას.
„მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ბავშვთა ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული ცენტრების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის დასრულების შემდგომ პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი.
გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება.
სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის, პედაგოგებისა და მწვრთნელების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება, მათ შორის, საუბარია, ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგების ხელფასებზეც. ჯამში უზრუნველვყოფთ 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც ყოველთვიურად 25000-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ თერაპევტთა პროფესიულმა გაერთიანებამ, რომელიც 307 წევრისგან შედგება, თბილისის მერს მიმართეს. ბრიფინგზე თერაპევტებმა (ქცევითი თერაპევტები, ენისა და მეტყველების, ოკუპაციური, სპეცპედაგოგები, ხელოვნებისა და ფიზიკური თერაპევტები) განაცხადეს, რომ მარტში 500-ზე მეტი სპეციალისტი, რომელთა თვიური ანაზღაურებაც განისაზღვრება შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით, ანაზღაურების გარეშე რჩებოდა გაურკვეველი ვადით. მათ მოითხოვეს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვა, რადგან ისინი პანდემიის დროს საარსებო მინიმუმის გარეშე რჩებოდნენ, რაც, მათი თქმით, გამოიწვევდა პედაგოგების პროფესიული საქმიანობის გაგრძელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.