მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან დამატებითი ავტობუსები მოემსახურება – მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან დამატებითი ავტობუსები მოემსახურება. რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ  მუდმივად მიმდინარეობდა მგზავრთნაკადების მონიტორინგი როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა 15 მარშრუტი, რომლებზეც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება.

როგორც მერია იუწყება, მგზავრთა ნაკადზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.