თბილისის მერია ეხმაურება მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვაშლიჯვარში ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს. კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.
მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა.
„ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები. დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება.
კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს.
მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო.
„ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, (როცა წვიმა და ქარი არ აღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, როცა კამაზებით ეზიდებოდნენ გადასაყრელად…. საეჭვოდ მივიჩნიეთ მცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები, რასაც დაურთავ… (ეკლესიის და პარკის ქვევითა მხარეა). დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, შევატყობინეთ ზედამხედველობას, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ მოსულან…”, – წერს მოქალაქე.