მუქარის ბრალდებით ჩვენი წევრი დააკავეს - „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად"

პუბლიკა

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით მათი წევრი დააკავა. როგორც მოძრაობა აცხადებს, დიკო ბჟალავა დაკავებულია გუშინდელ თავდასხმაში ბრალდებულის მეუღლის საჩივრის საფუძველზე.

„დაახლოებით 2 საათის წინ, მოტყუებით, დაკითხვის საბაბით პოლიციამ სახლიდან გამოიყვანა მოძრაობის წევრი დიკო ბჟალავა. 2 საათის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ გვქონდა ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ. გაათიშვინეს ტელეფონი და პოლიცია არ გვაწვდიდა ინფორმაციას.

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციამ განყოფილებაში შემოიყვანა დიკო ბჟალავა და განგვიმარტა, რომ დაკავებულია სისხლის სამართლის 151-ე მუხლით.

გუშინდელი თავდამსხმელის მეუღლე დიკო ბჟალავას აბრალებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. შეგახსენებთ, რომ მომჩივნის მეუღლე წუხელ საპროტესტო კარავში თავს დაესხა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელიც გადაყვანილია ქუთაისში და აქამდე რჩება საავადმყოფოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ში კი აღნიშნავენ, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, „მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”.


11 ივნისის ღამეს ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ.

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” აცხახდებს, რომ საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩნდნენ.

აქტივისტ ცოტნე თვარაძის ინფორმაციით, კარავში აქტივისტებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა კარვისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებულმა პირებმა ცივი იარაღით ყურის არეში დაჭრეს აქტივისტების თანასოფლელი, რომელიც მათთვის სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა. დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით და 1983 წელს დაბადებული გ.ხ. – მუქარის ბრალდებით.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.