მუქარის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას მედიაკოალიცია ეხმაურება

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები „მთავარი არხის” დირექტორისა და დამფუძნებლის მიმართ მუქარაზე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. ნიკა გვარამიას განცხადებაით „მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.”

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი , რომ კრიტიკული მოსაზრებების გამო ნიკა გვარამიას მიმართ სისტემატურად ხდება სხვადასხვა სახის ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
2019 წლის ზაფხულში „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბრალი წაუყენეს მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქონების მიტაცების გამო. სამართალდამცავ ორგანოებს კი არ წარმოუდგენიათ რაიმე მნიშვნელოვანი განმარტება ამ საქმეზე. მნიშვნელოვანია რომ სახალხო დამცველმა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეაფასა, როგორც სამართლებრივად უსაფუძვლო.”  – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 1 დეკემბერს, თუმცა მალევე, 2 დეკემბერს სასამართლოს სხდომა კვლავ გადაიდო.

„12 დეკემბერს კი გვარამიამ გააკეთა განცხადება , რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ 2020 წელს საბოტაჟის ბრალდებით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა გამოძიება არ დასრულებულა.
გასული წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების საკითხი. 2020 წლის 30 იანვარს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიების შედეგები საზოგადოებისათვის უცნობია. ასევე 2020 წლის დასაწყისში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. მისი განცხადებით, თვალთვალის შესახებ მისი ინფორმირება მიზნად ისახავდა მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.” – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოხატავენ მხარდაჭერას ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკური დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან.” – ნათქვამია განცხადებაში.