მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც გარდაცვლილი მურად წურწუმიას ჯანმრთელობის დაზიანებას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თუმცა, რაც შეეხება გარდაცვლილის ძმის ეპიზოდს, ადვოკატი აცხადებს, რომ ვახტანგ ბურძენიძე ამ ნაწილში ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ, მისივე განმარტებით, ეს ორმხრივი იყო.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მუხლებით ედებათ. კერძოდ, ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

 

 

 

2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლოს ტერიტორიაზე 24 წლის მურად წურწუმია მოკლეს.

პროკურატურის ვერსიით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 იანვარს, ღამის საათებში, გარდაცვლილი მურად წურწუმია და მისი ძმა მუხრან ჩხვირკია ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე იყვნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე და ვ. ბ.

პროკურატურის თქმით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე წარმოიშვა.

ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა წურწუმია და ჩხვირკია. მათ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ჩხვირკიამ წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მუხრან ჩხვირკიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დაკავებული ზურაბ ფოფხაძე შსს-ს თანამშრომელი იყო. პროკურატურის შუამდგომლობით, ის გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.