„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის გამოყენების გამო მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და 50 000 ევროს კომპენსაცია მოითხოვეს.
საუბარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ კლიპზე, რომელშიც შალვა ნათელაშვილი კითხულობს მურმან ლებანიძის ლექსს, სახელწოდებით „მეშინია“.
შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, პროცესი 2 ნოემბერს ჩაინიშნა. ის აღნიშნულს პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც „შატო მუხრანში“ ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრაზე განცხადებით „ამხილა” ისინი, „მურუსიძის სასამართლოდან გამოძახება მიიღო“.
„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ საავტორო უფლებების მართვის კომპანია „GMI Rights Management-მა“ მიმართა.
კომპანიის წარმომადგენელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა „პუბლიკას“ განუმარტა, რომ კომპანიას აქვს ხელშეკრულება მურმან ლებანიძის მემკვიდრეებთან – ლიცენზია, რომლის საფუძველზეც ფლობენ ლებანიძის ლექსებზე საავტორო უფლებას.
საავტორო უფლების შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, საავტორო უფლებაზე ლიცენზიის მქონე პირს აქვს უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოებების გამოყენება.
ბეჟაშვილმა თქვა, რომ მურმან ლებანიძის ლექსის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი ნებართვა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც შალვა ნათელაშვილმა ლექსი გამოიყენა საარჩევნო კამპანიაში, კომპანიამ მას წერილით მიმართა და უნებართვოდ გამოყენებული ნაწარმოების ლიცენზირება მოითხოვა. წერილის მიღებას „პუბლიკასთან“ საუბარში ადასტურებს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავაც.
„ამაზე ბატონმა შალვამ არ გვიპასუხა. მერე მივწერეთ მეორე წერილი, მესამე წერილი და ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყო, უნებართვოდ გამოყენებისთვის წუხილი გამოეხატა და ა.შ., შეიტანა განცხადება პროკურატურაში და თქვა, რომ ფულს ვძალავთ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ზურა ბეჟაშვილი.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა პროკურატურაში წარადგინეს საჭირო საბუთები და ხელშეკრულება, რის შემდეგაც შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს მიუღებელი შემოსავლის ათმაგი ოდენობით კომპენსაცია. კომპანია მოითხოვს პოლიტიკურ რეკლამაში ლიტერატურული ნაწარმოების უნებართვოდ რეპროდუცირებისთვის 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას.
„5 ათასი ევრო [ან დოლარი] ღირს საშუალოდ პოლიტიკურ რეკლამაში სხვადასხვა ნაწარმოების გამოყენება. მოლაპარაკების შემთხვევაში, მოლაპარაკება იმისთვის არის, რომ გაგვეთვალისწინებინა ბატონი შალვას ინტერესები, მაგრამ ნაცვლად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა, პროკურატურაში განცხადება შეიტანა და როცა ჩვენ სარჩელი შევიტანეთ, ოფიციალური განცხადებით გამოვიდა ტელევიზიაში და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი განცხადება გააკეთა და ცილი დაგვწამა სხვადასხვა მიმართულებით, რის შემდეგაც იძულებული გავხდით, რომ მეორე სარჩელიც შეგვეტანა ამ განცხადებების უარყოფისთვის.
დღევანდელი განცხადება არის სიცრუე. პროცესი, რაზეც არის საუბარი, ჩაინიშნა 2022 წლის 4 ივლისს და შალვა ნათელაშვილის წარმომადგენელს სატელეფონო საუბრით ეცნობა ამის შესახებ. არანაირად არ უკავშირდება სხვა მოვლენას 2 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა“, – ამბობს ბეჟაშვილი.
მან ამის დასადასტურებლად „პუბლიკას“ სასამართლოში დაბარების შესახებ აქტიც მიაწოდა.