მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა – ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული 25 000-ლარიანი გირაო გადაიხადა.

მურთაზ ზოდელავას გამოძიების ხელშეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, ზოდელავამ „სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება“.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზოდელავა 13 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს.

ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და ასევე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. მას 13 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.