მურუსიძე ალავიძეზე: აბსურდული თემაა, განაწყენებული ადამიანია, რომელიც უზენაეს სასამართლოში ვერ დარჩა

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს.
მურუსიძე ამბობს, რომ მისი ბრალდებები აბსურდული და სასაცილოა.

ის უარყოფს, რომ ალავიძეს ერთ-ერთ კაფეში „საქმეს ურჩევდა“:

„მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი ხომ?! ისეთი აბსურდული თემაა, ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს, ბესო ალავიძესთან 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრილვარ და საერთოდ არავითარი შეხება მასთან არ მქონია. რამე მტკიცებულება თუ აქვს წარმოადგინოს, ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება. მერე როგორ აბსურდულ რაღაცეებს იძახის, ქალბატონებს აბრალებს რაღაც ოთახში ჩამკეტესო, ტელეფონი არ მქონდა მობილური, ვერ დავრეკეო, ქსელის ტელეფონიდან დაგერეკაო რომ ეუბნებიან, არაო, ვერ დავრეკავდიო, ათას რაღაც ტყუილს, აბსურდულ ბრალდებას…

[…] როგორ გავურჩიე [საქმე], იძახის, რომ  ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო, რა საბარგულში ჩავტენე, მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო. […] 3 წელი თბილისში დადიოდა, საერთოდ შევხვედრილვარ, გადავყრილვარ. არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც ხომ?! და შესაბამისად ეს თემა წამოწიეთ. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სასამართლო გახდა დამოუკიდებელი“, – ამბობს მურუსიძე.


ბესარიონ ალავიძემ ვიდეო ჩანაწერში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის – „მეტალურგიული ქარხნის“. ალავიძემ თქვა, რომ მაშინ კლანის წევრებმა კაფეში დაიბარეს და იყო „სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა“.

ალავიძე ამბობს, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმის განხილვის პერიოდში, მასთან ჯერ მივიდა ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (იმ პერიოდში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) და უთხრა – „ძალაში არის დასატოვებელიო, პირდაპირ ასეთი ინიციატივით შემოვიდა“. ალავიძემ მას უთხრა, რომ სანამ საქმის მასალებს არ ნახავდა, ვერაფერს ვერ დატოვებდა ძალაში.

ალავიძის თქმით, მოგვიანებით, როინიშვილმა ვალერი ცერცვაძეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე) დაურეკა, რომელთანაც ალავიძის თქმით, კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ცერცვაძემ კი ის „დაიბარა“ მასთან და ჰკითხა რა ხდებოდა. ამ შეხვედრიდან მალევე დაიბარეს მიხეილ ჩინჩალაძის კაბინეტში, სადაც დახვდა მურუსიძე და ვალერი ცერცვაძე, უთხრეს, რომ –  „მითხრეს, რომ რაღაც შენ კოტეს [კოტე კუბლაშვილი] ემორჩილები მგონიო თუ რაღაცო, პრობლემა გაქვსო, კოტეს აგინეს“, უთხრეს, რასაც ეუბნებოდნენ ის გაეკეთებინა, მიაყენეს შეურაცხყოფა.

ამის შეხვედრის შემდეგ, ისევ სთხოვეს, რომ საბურთალოზე, ერთ-ერთ კლაფეში მისულიყო:

„ამ კაფეში შევედი, იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და თუ არ ვცდები როინიშვილიც. დავჯექი, ეს იყო სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა“, – ამბობს ბესარიონ ალავიძე.