ლევან მურუსიძე ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ მისი და მიხეილ ჩინჩალაძის სანქცირება „სასამართლო სისტემის დასამორჩილებლად უნდათ”.
მან სატელეფონო კომენტარი „ფორმულას” მისცა.
ლევან მურუსიძემ ახსენა რუმინეთის სასამართლო, რომელმაც გააუქმა რუსული ჩარევის შედეგად გაყალბებული არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „ბრიტანეთს უნდა“, საქართველოშიც იგივე მოხდეს, მათი „გლობალური პოლიტიკის შესაბამისად“.
„რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება. აქ არაფერი კავშირი არაა კორუფციასთან, ბუნებრივია, აი, რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ამ მურუსიძის კორუფციით, რომ… რა კორუფცია? […]
მოულოდნელი ჩემთვის არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამასთან კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ“, – თქვა მან „ფორმულასთან”.
ლევან მურუსიძემ ასევე განაცხადა, რომ ბრიტანული სანქციები მას ფინანსურ პრობლემებს არ შეუქმნის.
„ერთადერთი, რაც მე მაქვს სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო-ბოლო.
საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებთ, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას. […] ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ, დიდი ის არ ექნება, უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად და რაღაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია ხო, მაინც“, – ამბობს ლევან მურუსიძე.
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა.
სანქცირებულ პირებს გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ყველა სახის ქონება, რაც მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქვთ.
მიხეილ ჩინჩალაძე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ლევან მურუსიძე კი – ამავე სასამართლოს მოსამართლე. ორივე მათგანი გავლენიანი პირია ქართულ სასამართლო სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია, აცხადებენ, რომ ისინი ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლიდერობენ.