მუშაობა მიდის, ოპოზიციისა და „ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს და აშკარად არის პროგრესი - ელისაშვილი

პუბლიკა

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში.

„ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს და აშკარად არის პროგრესი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინა დღეებში, ეს არის დამაიმედებელი. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი.

დეტალებს ვერ მოვყვები, ტენდენცია არის პოზიტიური. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა პერსპექტივა, როგორი ზამთარი გველის, პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით არის წინსვლა. წითელი ხაზები ისევ არის ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის უკვე წინგადადგმული ნაბიჯები.

ერთია, კალაძე პრესკონფერენციებზე რას ლაპარაკობს, მეორეა, რა მოვისმინე ახლა ჩემი ორი ყურით. მოვისმინე,  რომ პოზიციების დაახლოება მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მხრიდან, როგორც ჩანს არის სამზადისი შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ჯერჯერობით დამაიმედებელი პერსპექტივაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ელჩი დეგნანი შეხვდნენ  ასევე „ლეიბორისტების“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებს.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ დიალოგის შინაარსს ვერ გაავრცელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი პოზიცია გაყალბებულ არჩევნებსა და პარლამენტის ლეგიტიმაციის არცნობასთან დაკავშირებით უცვლელია.


საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, გასულ პარასკევს კი, 20 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.