თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე სატრანსპორტო მომსახურების სფეროში რამდენიმე ცვლილება დააანონსა.
კალაძის განცხადებით ხვალიდან ავტობუსებში მძღოლის სივრცის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირება მოხდება. მომხმარებლები კი, მხოლოდ ორი უკანა შესასვლელი კარით ისარგებლებენ.
„ეს აუცილებელი ზომაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის”,- განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით ხვალიდან ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. კალაძე აცხადებს, რომ ამ დროებითი ზომების გამო, შეჩერებული სამსახურის წარმომადგენლები სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, თბილისის მერის განცხადებით, მიკროავტობუსები ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეიზღუდება, მათ შორის ქალაქთაშორისი სამარშუტო ტაქსები.
„ყველგან, სადაც მიკროავტობუსი გადაადგილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან იქნება შეზღუდვები მიკროავტობუსებზე”,- განაცხადა კახი კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ქალაქთაშორისი სამარშუტო ტაქსების ავტობუსებით ჩანაცვლებაზე მსჯელობა არ ყოფილა.
მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქალაქის მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ქალაქში უკიდურესი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში გადაადგილებას, ისევე, როგორც ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრას. რაც შეეხება სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებს, კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შეთხვევაში ეწვიონ მათ.