მუშაობას „ტელესკოლაში“ გავაგრძელებ – ვასილ მაღლაფერიძე

პუბლიკა

ვასილ მაღლაფერიძემ გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაერთვება. მისი თქმით, მუშაობას გააგრძელებს „ტელესკოლაში“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია.

„პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ – გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ჩემი პროფესიის ძალიან დიდი ნაწილი იყო მასწავლებლობა და ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, მეორე –მარტო. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები. ამასაც გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება საქმე“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა ის, რომ არ სურს, გაჩნდეს კითხვის ნიშნები არხის მიუკერძოებლობათან დაკავშირებით. ამჟამად დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.

ირინა ფუტკარაძის თქმით, საქართველოს პირველი არხის დირექტორის  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდება.