მუშაობის საშუალება მისცენ სენაკის საკრებულოს და მზად ვიქნებით, ბათუმში წევრის უფლებამოსილება ვცნოთ - დაუშვილი „ოცნებას“

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სენაკის საკრებულოში სხდომაზე დასწრების სანაცვლოდ ბათუმის საკრებულოში მათი ახალარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობას სთავაზობენ .

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სენაკის საკრებულოში „ოცნებამ“ ოპოზიციას პროცედურული ომი გამოუცხადა და საკრებულოს საქმიანობა დაბლოკა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ კანონი შეცვალონ და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ცესკოს დააკისრონ, გახარიას გუნდს ხელისუფლებასთან შეთავაზება აქვს:

„სენაკის საკრებულოში პროცედურული ომი დაამთავრონ, საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცენ და ჩვენ მზად ვიქნებით, ბათუმის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ და ბათუმის საკრებულოც გახდეს სრულად ფუნქციონირებადი. მათ შორის, შუალედური არჩევნებით არჩეული მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს და პროცესი ასე დასრულდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცესკო ცნობს.


ბათუმის საკრებულოში თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შემდეგ საკრებულოს სხდომები კვორუმის არარსებობის გამო ვერ ტარდება. სხდომებს ოპოზიცია არ ესწრება.

საკრებულომ შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული „ოცნების“ დეპუტატის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ცნოს და საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიოს.

ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. სხდომის გახსნას 18 დეპუტატი სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავს. სავარაუდოდ, მათ გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს კიდევ ერთი დეპუტატი, გახარიას გუნდის ყოფილი წევრი ირაკლი თავდგირიძეც, თუმცა 17 ხმა საკმარისი არ არის.

იგივე სიტუაციაა შექმნილი სენაკის საკრებულოში, სადაც საკრებულოს საქმიანობას ხელს ამჯერად „ქართული ოცნება“ უშლის.

მიუხედავად სახელისუფლებო გუნდის ბოიკოტისა და კვორუმის არარსებობისა, სენაკის საკრებულოში ოპოზიცია მაინც შეიკრიბა და 9 თებერვალს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ცნო. შედეგად ოპოზიციამ წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა და მომდევნო სხდომაზე თავმჯდომარის არჩევაც შეძლო.