თბილისის მერობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობისა, რომელიც ღუპავს ქვეყანას.
„ეს დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ღუპავს ქვეყანას, იმ სიძულვილის, რაზეც ფოკუსირებულია მთელი ჩვენი ქართული პოლიტიკა. სწორედ ამ სიძულვილის გამოა, რომ მოქალაქეები პოლიტიკოსებს არ ენდობიან, არჩევნებზე არ მოდიან და საერთოდ, პოლიტიკისკენ გამოხედვაც არ უნდათ. ეს დაპირისპირება და მუშტი-კრივი ჩვენ უნდა დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, მთელი ყურადღება მედიასა და პოლიტიკაში გადავიტანოთ კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმაურება. ეს კინკლაობა, მუშტი-კრივი, მაჩოობა, დაპირისპირება არის ის, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და რის გამოც ჩვენ, პოლიტიკოსები ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.
გუშინ ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მივიდა ენმ-ის ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია და დმანისში მომხდარის გამო გააკრიტიკა.
„შე უნამუსო, მონა!“ – მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს.
ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შეაგინა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. „შენი დედას *** შე ნაბიჭვარო“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.