მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ერთი დიდი კანონი უნდა შემუშავდეს – ბოლქვაძე

პუბლიკა

უმრავლესობის წევრი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, პიანისტი ელისო ბოლქვაძე რამდენიმე დღის წინ ქალაქ რუსთავში, კულტურის ცენტრში იმყოფებოდა.

ის ცენტრში მყოფ ადამიანებს ინსტრუმენტების განახლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა შემუშავდეს კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველო მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეიძენს.

ელისო ბოლქვაძის შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

„ინსტრუმენტების უბედურება არის ყველგან. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, მაგალითად, „იამაჰასთან“ ან რომელიმე ისეთ ფირმასთან, რომელიც ძალიან ძვირი არ არის, რეგიონებს შევუსყიდოთ როიალები. ეს გამორიცხულია სხვანაირად.

რადგან ამაზე დაკვრა, დიდი ბოდიში როიალთან, მაგრამ რა ვქნათ ახლა. ეს არის ასი წლის წინანდელი ინსტრუმენტები, რომლებსაც არც ამწყობები ჰყავს თან. უნდა განვავითაროთ ინსტრუმენტის ამწყობების ტექნიკა, რაც არ არსებობს. ორი ადამიანია, ძირითადად, საქართველოში. ეს უბედურება უნდა დავამთავროთ, იმიტომ, რომ სირცხვილია.

ეს, რაც როიალებს შეეხება. რაც შეეხება ვიოლინოებს, იგივე მდგომარეობა იქნება, დარწმუნებული ვარ. ამიტომ უნდა შემუშავდეს ერთი დიდი კანონი, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეიძენს საქართველო. ამას ვერ შეიძენს ვერც მუნიციპალიტეტები და ვერც კერძო პირები. „სტრადივარიუსებზე“ არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჩვეულებრივ, ნორმალურ ინსტრუმენტებზე, სადაც ბავშვს არ დაეზარება დაკვრა“, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.

ელისო ბოლქვაძის თქმით, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მისი პარლამენტში ყოფნის დროს და მან ამის შესახებ პირობა მისცა შეხვედრაზე დამსწრე ადამიანებს.