მუზეუმიდან გათავისუფლებულმა დინარა ვაჩნაძემ წულუკიანს დავა სამივე ინსტანციაში მოუგო

პუბლიკა

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა დინარა ვაჩნაძემ თეა წულუკიანს შრომითი დავა სამივე ინსტანციაში მოუგო.

„19 მარტს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალბატონი დინარას გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან და მუზეუმს განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დინარა ვაჩნაძის ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა. ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებსაც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ საკადრო წმენდა შეეხო. ის 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.

სასამართლოში თეა წულუკიანის მიერ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულთა საქმეები გრძელდება – 25 მარტს იულონ გაგოშიძის ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლების საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, წულუკიანს საქმე კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო.

პროფკავშირის ცნობით, ჯამში სასამართლოში 15 საქმე მოიგეს, თუმცა განსახილველი კიდევ 70-მდე სარჩელია.