ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.
„სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
„ქეთევან მაქარაშვილი სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის” (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალელურად მუზეუმში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. დავის ფარგლებში, მაქარაშვილის მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულების უვადოდ ცნობა და გათავისუფლების ბათილობა, ასევე, მოპასუხისთვის განაცდურის და კომპენსაციის დაკისრება.
მუზეუმს მაქარაშვილთან ერთ წელზე ნაკლები ვადით რამდენიმე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი იმპერატიულად განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის შეცვლა, მხარეთა შეთანხმებითაც კი, დაუშვებელია. შრომის კოდექსი, ასევე, იმპერატიულად მიუთითებს, რა წინაპირობების არსებობისას არის შესაძლებელი ერთ წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქეთევან მაქარაშვილსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონო იყო.
მოპასუხის განმარტებით, მაქარაშვილისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო ვადით განსაზღვრული, რასაც იგი ადასტურებდა შრომითი ურთიერთობის წარმოშობის და გაგრძელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებაზე, შეთანხმებასა და ბრძანებაზე ხელმოწერით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ვადიანი ხელშეკრულების დადებისთვის არსებობდა ობიექტური გარემოება, რაც გამოწვეული იყო პანდემიით”.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.