მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თემურ შარიქაძემ თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა.

„აღდგენაზე ისევ და ისევ უარია. იქიდან გამომდინარე, რომ შტატი რომელიც არსებობდა და  რომელზეც მუშაობდა ბატონი თემური, აღარ არსებობს“, – განუცხადა „პუბლიკას” დათო ომსარაშვილმა, რომელიც სასამართლოში თემურ შარიქაძის ინტერესებს იცავდა.

ბოლო ათ დღეში ეს უკვე მეორე საქმეა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზემიდან გათავისუფლებაზე ნიკა ახალბედაშვილის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. ერთი კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარიძის გათავისუფლებაზე გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლომ მაია პატარიძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა.

ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძე 2022 წლის მაისში 21 სხვა თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელი დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერა.

ახალბედაშვილი სამუზეუმო სისტემაში თეა წულუკიანმა დაასაქმა.

თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და სამუზეუმო სისტემაში მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება აქვს.

„ზუსტად იმ დღეს, 24 მაისს ბოლნისის მუზეუმში სამეცნიერო მივლინებით ვიყავი. დილით წავედი, ჩამოვედი 3:30-ზე, 4 საათზე კი ბრძანება შემომიტანეს. არავითარი განმარტება არ გაუკეთებიათ. დღემდე ვითხოვ, მომაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიცოდე, რა დანაშაული მაქვს ჩადენილი, ხელებს ავწევ და ბოდიშს მოგიხდით. ის, რომ პასუხს არავინ გვაძლევს, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ადამიანისთვის. ჩვენთვის მუზეუმი ჩვენი ცხოვრებაა.

ხმები დადის, რომ თურმე შეიძლება შენობაში აღარ შემოგვიშვან. ჩვენი შექმნილია, ჩვენი ზურგით არის ეს ყველაფერი მოტანილი და იმის უფლება არ გვაქვს, რომ შევიდეთ, ან მონატრებული თანამშრომლები მოვინახულოთ, ან სამეცნიერო საქმისთვის კოლეგებს რჩევა ვკითხოთ. ჩემთვის ეს მიუღებელი და გაუგებარია“. – იხსენებდა თემურ შარიქაძე გათავისუფლებაზე ბრძანების მიღების დღეს 2022 წლის ივნისს „პუბლიკასთან“ საუბრისას.