მიუხედავად დაშინებისა, თბილისის კლუბები მუშაობას გააგრძელებენ - კულტურის ინდუსტრიების გაერთიანება

პუბლიკა

„კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება“ ეხმიანება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას.

„მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:

თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერთიანება აცხადებს, რომ საკლუბო სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ „მწარედ მოტყუებულები“.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაერთიანება აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მათ მუქარის ენით ელაპარაკება.