ყოფილმა პროკურორმა, იურისტმა მაია მწარიაშვილმა გიორგი მიქაუტაძის განცხადება იურისტების მიმართ მუქარად შეაფასა.
მიქაუტაძემ გუშინ, 18 მარტს უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მწარიაშვილს სასამართლოში უჩივლებს.
მაია მწარიაშვილის შეფასებით, მიქაუტაძის ეს განცხადება არ ყოფილა „ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურის ინიცირება ერთ-ერთი მოსამართლისგან”.
„ეჭვი მეპარება, ფიქრობდნენ, რომ ამ ბრიფინგით მე დამაშინებენ. მაგრამ, მათ აქვთ ამოცანა, დააშინონ სხვა კოლეგები, რომლებმაც არ უნდა გამოთქვან დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი, არ უნდა დასვან კითხვები მოსამართლეების ქონების დასაბუთებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, სისტემა ერთიანია. იურისტებიც ვიყენებთ სასამართლოს, ამიტომ ჩვენს სფეროში მოსამართლეების კრიტიკა არ არის ადვილი […].
ამ ბრიფინგის ამოცანა იყო სასამართლოში სარჩელის შეტანით მუქარა. ასეთ სარჩელებს ცივილიზებულ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სარჩელებს ეძახიან. ასეთ ქვეყნებში ასეთ სარჩელებს სასამართლო არ იღებს”. – თქვა მწარიაშვილმა.
მისივე თქმით, „გიორგი მიქაუტაძემ დააანონსა სასამართლო დავა თავისსავე სასამართლოში, იმ სასამართლოში, სადაც დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის გამო მოსამართლეები ისჯებიან”.
მაია მწარიაშვილმა 15 მარტს „ფორმულას” ეთერში „ტვ პირველის” სიუჟეტზე დაყრდნობით გიორგი მიქაუტაძის დიდ ქონებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მოსამართლის ხელფასით მსგავსი ქონების შეძენა შეუძლებელია.
გიორგი მიქაუტაძის პასუხის თანახმად, ეს ყოველივე არის „ფაქტობრივი ტყუილი და შეთხზული ამბები „ვეტინგის“ გასამართლებლად“.
მისი თქმით, სახლს თავისი შემოსავლებით, ბინების გაყიდვით და ბანკის კრედიტით იშენებს და ეს ყველაფერი დეკლარირებული აქვს.
სწორედ ამიტომ, მიქაუტაძემ მწარიაშვილის წინააღმდეგ სარჩელი დააანონსა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების არავითარი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება.
„ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელოვნურად შექმნან „ვეტინგის” საფუძველი, რისი მიზანიც არის სასამართლო სისტემის დამორჩილება და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების გავლენების გაზრდა”. – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.
ე.წ. ვეტინგს ამ ეტაპზე საჯაროდ 10-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ – ნინო ბაქაქურმა და ეკა გასიტაშვილმა, ტყიბულის მაგისტრანტი სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლეებმა გიორგი ებანოიძემ, თამარ ხაჟომიამ, ეკა არეშიძემ და მადონა მაისურაძემ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა.
გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ „სასამართლო კლანიდან“, რომლის არსებობის შესახებ არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ. „სასამართლო გუშაგის“ თავმჯდომარის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, ე.წ. ვეტინგი გიორგი მიქაუტაძეზეც გავრცელდება.
ჯამში, „ვეტინგი” 60-მდე მოსამართლეს შეეხება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოების თავმჯდომარეებს და კოლეგიების ხელმძღვანელებს.
ე.წ ვეტინგი, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისერების შემოწმება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით არის რეკომენდებული.
ჩანაწერის თანახმად, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ ვეტინგი არაკონსტიტუციურია და მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.