მწარიაშვილი: მზია დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს

პუბლიკა

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს.

„მზია ამაღლობელი ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. უფრო ნელა ლაპარაკობს. ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში როცა შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.

ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყოველ ჯერზე გვეუბნება, მე არ ვარ მთავარი თემა, არაერთი უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავიო”. – თქვა მაია მწარიაშვილმა.

მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი.

„იმ კვირაში გეგმავენ სერიოზული კვლევების ჩატარებას, სავარაუდოდ, რომელიც აქ ვერ ჩატარდება. თუმცა, ჯერ არ ვიცით, რა კვლევებს, ორშაბათს გვეცოდინება.

ამბობს, რომ უძლებს, არ ითხოვს არსად გადაყვანას”. – თქვა მწარიაშვილმა.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-20 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.