ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ „თუ მან მზია ამაღლობელის საქმეზე იცის გამომძიებლებსა და პროკურორებზე მეტი, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში”.
მწარიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა – „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა 16 აპრილს სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2″-ის ეთერში თქვა:
„მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.
ადვოკატი ამბობს, რომ კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
ამასთანავე, მწარიაშვილის თქმით, „ოცნების” პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, არც პროკურატურა ამბობს, რომ მზია მოქმედებდა დავალებითა და შეკვეთით. ეს არც ბრალდების დადგენილებაში წერია.
„ბატონმა კობახიძემ მზიას დააბრალა, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით.
მზიას ბრალის ფორმულირებაში ეს არსად წერია. ბრალდება ამას უბრალოდ არ ითვალისწინებს. მზია ამაღლობელის ბრალდების დადგენილების თანახმად, ის მოქმედებდა პირადი მოტივებით ირაკლი დგებუაძის მიმართ.
ამავე დროს, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება სიცრუეა”. – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატის შეფასებით, განცხადებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, მიზნად ისახავს მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას.
მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება ფასდება, როგორც შეურაცხყოფა, რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.
„მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. მინდა ასევე შევახსენო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და არ სისხლის სამართლის კოდექსით. სწორედ ამიტომ არაერთხელ მოვითხოვეთ სასამართლოსა და გამოძიებისაგან ამ საქმის შეწყვეტა და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობისაგან.
დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა ისჯება სისხლის სამართლის წესით, კერძოდ მზიასთვის წარდგენილი მუხლით [სსკ-ის 353/1 მუხლი, პოლიციელზე თავდასხმა], არამედ შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ისიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაწევის პირობებში”. – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას ცდილობენ.
„მაგალითად, საჯარო სივრცეში არსებობს როგორც ბატონი ირაკლი კობახიძის, ისე სხვა მაღალი თანამდებობის პირების არა ერთი განცხადება, რომ მზიამ, ე.წ სტიკერი მიაკრა პოლიციელს ზურგზე, რაც სიცრუეა. და ეს სიცრუეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომხდარა, არამედ იმიტომაც, რომ მის მიმართ ამგვარი პრეტენზია არ ჰქონია არც პოლიციას და არც პროკურატურას”. – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.