მწერალთა ნაწილი ქეთევან დუმბაძის დანიშვნას ეხმაურება და ნატაშა ლომოურს მხარდაჭერას უცხადებს

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა მწერალთა სახლის დირექტორად პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე დანიშნა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში მწერალთა სახლს ნატაშა ლომოური ხელმძღვანელობდა. მას 2 აგვისტოს კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უფლებამოსილების 4-წლიანი ვადის გასვლის შესახებ აცნობეს.  ნატაშა ლომოურმა 2 აგვისტოსვე მიმართა მინისტრს და აცნობა, რომ დაინტერესებულია ვადის გაგრძელებით, თუმცა მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.

მწერალთა სახლში ქეთავან დუმბაძის დანიშვნას გამოხმაურებები მოჰყვა. მწერალთა და პოეტთა ნაწილი დუმბაძის დანიშვნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს.

„არ ვაღიარებ მწერალთა სახლის დირექტორად დუმბაძეს. მწერლებმა უნდა აირჩიონ! არა თეა ვიღაცამ. მოგიწოდებთ, რომ არ დაემორჩილოთ გადაწყვეტილებას, სანამ თვითონ არ იტყვის უარს.“ – ქეთი ქანთარია (მთარგმნელი)

„ამოიკეტა კიდევ ერთი ჯანსაღი კულტურული სივრცე.

იწყება ქოც-რეალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში.

არცერთი მწერალი, ვინც ქალბატონი დუმბაძის მწერალთა სახლთან რაიმე ფორმით ითანამშრომლებს, პირადად ჩემთვის აღარ იქნება ყოფითი პატივისცემის თუნდაც ისეთი პირობითი გამოხატულების ღირსი, როგორიცაა მისალმება.“ – ზვიად რატიანი, პოეტი.

„მწერალთა სახლში, როგორც იქნა, „დაბრუნდება“ საქ სსრ მწერალთა კავშირის სული… „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

ვიდრე „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში – ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება… თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს „ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე“ პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური „კულტურის მუშაკების“ გულის მოგებას…

რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს „ძველ და საყვარელ“ საბჭოთა და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!“ – ლაშა ბუღაძე, მწერალი.

„რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი მწერალთა სახლს უხელმძღვანელებსო. პარტია „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების ოკუპაციას აგრძელებს. ჩემთვის პირადად სულერთია, რა დამსახურება ჰქონდა ან რა სენტიმენტები გვაკავშირებდა პარტიულ ფუნქციონერთან, რომელიც წულუკიანმა მიავლინა თავისი მანქანის ჭანჭიკად. საბოლოოდ უნდა მორჩეს ის დრო, როცა ქვეყნის მოღალატეობასთან თანამშრომლობა პრაგმატული (სინამდვილეში კი ლაჩრული) მიზეზებით მართლდებოდა.“ – ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი.

„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა Natasha Lomouriს მწერალთა სახლში გაწეული სამუშაოსთვის.

მისი დირექტორობის ფარგლებში რა და როგორ გაკეთდა, ჩემზე კარგად თავად ისაუბრებს, მე მხოლოდ ჩემი გამოცდილების გაზიარება მინდა.

“ბუნკერის” წერა ლაკორონიაში, Residencia Literaria 1863 ში დავიწყე, სადაც თავის მხრივ მწერალთა სახლის მხარდაჭერით და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოვხვდი.

სამწუხაროა რომ კულტურის სამინისტროს ხორცშესხმულმა ტროლებმა ლიტერატურული რეზიდენციის მნიშვნელობა, დანიშნულება და ფუნქცია საერთოდ არ იციან. რას იზამ, “პუწიოვკების” ეპოქაში ჩარჩენილ ადამიანებს, ძნელია აუხსნა თანამედროვე ლიტერატურილი პროცესები.

ნატაშამ და მწერალთა სახლის გუნდმა აარჩია “ბუნკერი” ევროკავშირის ლიტერატურულ ჯილდოზე (EUPL) წარსადგენად და 2022 წელს ამ პრესტიჟული პრემიის გამარჯვებული გავხდით, რაც მხოლოდ ჩემი, ნატაშას, და მწერალთა სახლის გამარჯვება კი არა, ევროკავშირის გზაზე მდგომი ,მთელი ქვეყნის გამარჯვებაა, მაგრამ სამწუხაროდ კულტურის სამინისტროს და ქართველ ჩინოვნიკებს, ქვეყნის რეპუტაცია არ ანაღვლებთ და ყველაფერს ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში ხედავენ.

ალბათ ამით აიხსნება, რომ ბრიუსელში EUPL ის დაჯილდოვებაზე მოწვეული ქართველი ჩინოვნიკებიდან არც ერთი არ დაესწრო ღონისძიებას, ალბათ ამით აიხსნება რომ კულტურის სამინისტროდან არავის მოულოცავს და ერთი ფეისბუქ პოსტიც კი არ დაუწერიათ ამ პრემიის შესახებ. სწორად გამიგეთ, არც სამინისტროს მოლოცვა მჭირდება, არც ფეისბუქ პოსტები და არც ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ფოტოები დაჯილდოვების დღიდან, უბრალოდ ეს ყველაფერი კარგად აჩენს, თუ როგორ “ფავორიტებად” და “მიუღებელ” ხალხად ვყავართ დაყოფილები ქალბატონ მინისტრს თუ მმართველი პარტიის სხვა წევრებს .

ლუკა ბერაძის მაგალითიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მისი ფილმი “ღიმილიანი საქართველო” კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მოხვდა, მაგრამ იმიტომ რომ ლუკა კინოცენტრში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდა და იმიტომ რომ მისი ფილმის შინაარსი ქალბატონი მინისტრისთვის მიუღებელია, “ღიმილიანი საქართველო” კულტურის სამინისტროს ფეისბუქ პოსტში “მეორე ფილმად” იყო მოხსენიებული.

ქალბატონი მინისტრი ეგრე გვიყურებს, მეორე მწერლებად, მეორე რეჟისორებად, მეორე მხატვრებად და ა.შ

და ახლა მწერალთა სახლში “პირველი” მწერლებისთვის ახალი დირექტორი ინიშნება.

ნატაშა ლომოურს რომელმაც ქვეყანას ევროპული ჯილდო მოუტანა, ანცვლებენ ადამიანით რომელმაც “რუსულ კანონს” მოაწერა ხელი, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია.

დიდი პატივისცემა და სიყვარული Natasha Lomouri-ს და დიდი იმედი მაქვს რომ, კვლავ ვიხილავ ლიტერატურულ სფეროში.“  – ივა პეზუაშვილი. მწერალი.

 

„უდიდესი მადლობა Natasha Lomouriს და მწერალთა სახლის სრულიად არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის უპირველესი ღირსება საქმის სიყვარულით კეთებაა, რასაც მე, პირადად, ყოველ წამს ვგრძნობდი და ყოველთვის უწყვეტ აღფრთოვანებაში მოვყავდი. ალბათ, ზუსტად საქმის უსაზღვრო სიყვარული აცამტვერებდა იმ სტრესს, უკიდურესად დაძაბულ გარემოებებში წლობით მუშაობას, რომელსაც მწერალთა სახლის გუნდს კულტურის სამინისტრო უქმნიდა.

დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia იმ უზღვავი საქმისთვის, რაც გააკეთეთ. ეს სტატუსი არც ერთ შემთხვევაში არაა დამშვიდობება. პირიქით, ახალი შემართებით, ერთიანი ბრძოლის დასაწყისია.“ – თამთა მელაშვილი, მწერალი.

 

„ჩემი სიყვარული და სოლიდარობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის მთელ გუნდს. ამ შენობის კარი არც ნატაშას მისვლამდე გამიღია და არც მაშინ გავაღებ, თუკი იქ საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალების ნაცვლად კოლექტიური სოსო ჭუბურიძე დამხვდება.“ – არჩილ ქიქოძე, მწერალი.