„მწერალთა სახლი დუმს" — მწერლები მწერალთა სახლში ქეთი დუმბაძეს ელოდებიან

პუბლიკა

მწერლები მწერალთა სახლში შეიკრიბნენ. ისინი ხელმძღვანელს, ქეთი დუმბაძეს ელოდებიან, რათა ჰკითხონ, რატომ დუმს მაშინ, როცა საპროტესტო აქციებზე უკვე 3 მწერალზე იძალადეს.

„როცა 3 მწერალია დაჭერილი და ნაცემი, დუმს მწერალთა სახლი. გვინდა, დავუსვათ კითხვები, რატომ არ მოვიდა, მაგალითად, ზვიად რატიანის პროცესზე, როცა სასტიკად ნაცემი, ძვლებდამტვრეული ადამიანი სასამართლოს ნაცვლად გადაიყვანეს ციხეში. თორნიკე ჭელიძე, ასევე დათა ხარაიშვილი როგორ არიან ნაცემები, ხედავთ. გვინდა, ამაზე ვკითხოთ“, – თქვა მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ.

ზვიად რატიანს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სცემეს და დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ძალადობრივად დააკავეს პოეტი და მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე, სასტიკად გაუსწორდნენ მთარგმნელ დათა ხარაიშვილს.

მწერალთა სახლს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

მწერალთა სახლში მწერლები 5 საათიდან შეიკრიბნენ.

ხათუნა ცხადაძის თქმით, ქეთი დუმბაძე მათთან სწორედ ამ დროს დათანხმდა შეხვედრას. თუმცა, 18:20 საათისთვის ის ადგილზე მისული არ იყო.

„თუ არ მოვიდა 19:00 საათამდე, ჩავთვლით, რომ არ მოდის“, – თქვა ცხადაძემ.