მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას“,- მწერალთა სახლი ახალი დირექტორის დანიშვნას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მწერალთა სახლი უერთდება მოთხოვნას, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი.

საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი.

ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების – მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი.

მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

ქეთევან დუმბაძე ამჟამად პარლამენტის წევრია. კულტურის სამინისტროს განცხადებით, მას დეპუტატის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიის დაწყებისას შეუწყდება და მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.

მწერალთა სახლის წინა ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური ამბობდა, რომ 2 აგვისტოს კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უფლებამოსილების 4-წლიანი ვადის გასვლის შესახებ აცნობეს.  ნატაშა ლომოურმა 2 აგვისტოსვე მიმართა მინისტრს და აცნობა, რომ დაინტერესებულია ვადის გაგრძელებით, თუმცა მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.