„მწერალთა სახლი“ ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის ლიტერატურულ ფესტივალს მართავს

პუბლიკა

25-28 თებერვალს მწერალთა სახლი წარმოადგენს ქართულ ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის – Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia.

„ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.

სწორედ ამიტომ, ფესტივალის კონცეფცია და შთაგონება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), თბილისის 1910-20-იანი წლების ავანგარდული კაფეების ესთეტიკა და დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი ლიტერატურა და ხელოვნება გახდა“, – ნათქვამია „მწერალთა სახლის“ მიერ გავრცელებულებულ განცხადებაში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  საკითხებზე სასაუბროდ 24 მონაწილე შეირჩა: მწერლები, ჟურნალისტები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მხატვრები, ისტორიკოსები და ა.შ. ფესტივალის კონცეფცია და პროგრამა შემუშავდა მწერალთა სახლისა და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის მაია ჯაგის (ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი) თანამშრომლობით.

„ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ 11 ღონისძიების ფარგლებში მწერლები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე და ქართულ სამზარეულოზე“, – წერია განცხადებაში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ფესტივალის საპატიო სტუმრები – ნინო ხარატიშვილი და ბორის აკუნინი; დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნანა ექვთიმიშვილი, თამთა მელაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბექა ადამაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და არჩილ ქიქოძე. მთარგმნელები, ლინ კოფინი და თამარ ჯაფარიძე, ისაუბრებენ თარგმანის სირთულეებზე და ინგლისურენოვან თარგმანებზე.

„პროგრამაში ასევე იხილავთ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას, რომელიც სპეციალურად ფესტივალის მაყურებლისთვის იმღერებს.

პროგრამის კულინარიულ ნაწილს კი წარმოადგენს ცნობილი ქართველი შეფი და ქართული მასტერშეფის ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია.

მწერალთა სახლი სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს ეძღვნება და საერთაშორისო აუდიტორიას მოუთხრობს ამ პერიოდის კულტურულ ცხოვრებასა და ისტორიულ პერიპეტიებზე“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში, პირველად, ნიუ-იორკის საერთაშორისო ლიტერატურულ ონლაინ ჟურნალში Words Without Borders გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე თარგმნილი ეპიზოდები არჩილ ქიქოძის, თამთა მელაშვილისა და ლაშა ბუღაძის რომანებიდან.

ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის თეატრი და ლიტერატურის მუზეუმი.

ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა – სიტყვები საზღვრებს გარეშე (Words Without Borders).