„მწვანე ალტერნატივა“ აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის გაცემულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ პროექტზე გარემოს დაცვის მინისტრმა 3 სექტემბერს გასცა.
„მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ უნდა გაცემულიყო, ვინაიდან ამ პროექტს დიდი ზეგავლენა აქვს გარემოზე.
„პუბლიკასთან“ საუბრისას ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით გზა დაცულ ტერიტორიაზე გადის, კანონი კი მკაცრად ამბობს, რომ დაუშვებელია დაცულ ტერიტორიაზე გადიოდეს გზის მაგისტრალი. შესაბამისად, მისი თქმით, პროექტის განხორციელება ეწინააღმდეგება კანონს და ის არც უნდა გამხდარიყო განხილვის საგანი.
მისივე თქმით, კანონში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ აღნიშნულია, რომ დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა, ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება, რღვევა, დაზიანება და ა.შ. მისივე თქმით, პროექტში ასევე არ ჩანს ამ გზის საჭიროების დასაბუთება.
რას ნიშნავს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და რა პროცედურებია საჭირო მშენებლობის დასაწყებად
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროექტები, რომლებმაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონიოს ბუნებრივ გარემოზე, საჭიროა, გაიაროს ე.წ. გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და მის საფუძველზე გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების გაცემისას სამინისტრომ უნდა შეაფასოს – რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ პროექტის განხორციელება გარემოზე ზეგავლენის გათვალისწინებით, თუ არის შესაძლებელი ამ ზეგავლენის შემცირება ან კომპენსირება და ა.შ. ამის გამოკვლევის საფუძველზე მიიღება შემდეგ გადაწყვეტილება. შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ნიშნავს, რომ სამინისტრო უფლებას აძლევს პროექტის წარმდგენს, განახორციელოს ის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არაა საკმარისი იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყოს. პროექტს ასევე სჭირდება ცალკე მშენებლობის ნებართვა. შიდასახელმწიფოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისთვის მშენებლობის ნებართვას სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. „პუბლიკამ“ 7 ოქტომბერს შეკითხვით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, გაცემულია არა პროექტზე მშენებლობის ნებართვა. მათ ამ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. პასუხის მისაღებად სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესითაც მივმართეთ და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, „პუბლიკა“ ცალკე მასალას მოამზადებს. რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტს (პროექტის განმახორციელებელი), მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არც მათ უპასუხეს ჩვენს შეკითხვას.
რა იგეგმება
პროექტის განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. პროექტზე მომზადებული 6 ალტერნატიული ვარიანტიდან არჩევანი „ალტერნატივა 6-ზე“ შეჩერდა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ალტერნატივა 6“ გარემოზე ზემოქმედების, ეკონომიკური და ტექნიკური უპირატესობის გათვალისწინებით პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნიეს და შესაბამისად, შეარჩიეს „ალტერნატივა 6“.
„ალტერნატივა 6-ის“ მიხედვით, გზა გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონებზე. დაცული ტერიტორიის საზღვრებში ხვდება გზის საერთო სიგრძის 59%. ზურმუხტის ქსელის საიტისა და ეროვნული პარკის გადაკვეთის სიგრძე 9.2კმ შეადგენს. ამასთანავე, ალტერნატივის 75% მდებარეობს ფრინველებისთვის სპეციალური დაცული ტერიტორიისა და ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის საზღვრებში. პროექტით გათვალისწინებულია 42 გასასვლელისა და ხუთი ხიდის მოწყობა (მათგან 2 – დაცულ ტერიტორიაზე).
რა საფრთხეს უქმნის ბუნებას აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა – „მწვანე ალტერნატივის“ შეფასება
ორგანიზაციის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, დაბა აბასთუმანს გარს აკრავს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები – ნაკრძალი და ეროვნული პარკი და დაგეგმილი ავტომაგისტრალი (მისი ყველა ალტერნატივა) აუცილებლად გადაკვეთს მათ.
ეს დაცული ტერიტორია ამავდროულად წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ” კონვენციის (იმავე ბერნის კონვენციის) ეგიდით შექმნილ „ზურმუხტის ქსელის” უბანს. დაგეგმილი გზა ძალიან ახლოს (360 მ) გადის „ზურმუხტის ქსელის” სხვა დამტკიცებულ საიტთან. „ზურმუხტის ქსელის“ ჩამოყალიბება და ამ გზით ევროპისათვის – და მაშასადამე საქართველოსთვისაც – მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ანუ ჰაბიტატების) დაცვა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მას ნაკისრი აქვს როგორც ბერნის კონვენციით, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.
აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა გამოიწვევს ტყისა და მცენარეული საფარის განადგურებას – გაკაფვის, აფეთქებებისა და საექსკავაციო სამუშაოების გამოყენებით, რაც გამოიწვევს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცულების, საბინადრო გარემოს განადგურებას, დეგრადაციასა და ფრაგმენტაციას.
მისი თქმით, საფრთხის წინაშე დგებიან კანონმდებლობით დაცული ისეთი სახეობები, როგორებიცაა: კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური სალამანდრა და სხვა.
„საავტომობილო გზის პროექტი, განსაკუთრებით, თუ ის მთაგორიანი რელიეფის მქონე ხელუხლებელ, ტყიან ეკოსისტემებში გაჰყავთ, დაკავშირებულია სერიოზულ ზემოქმედებასთან. პირველ რიგში, ეს არის საბინადრო გარემოს დეგრადაცია და ფრაგმენტაცია. ამ დროს ეკოსისტემის ერთიანი ფართობი არა მარტო მცირდება ზომაში, არამედ იყოფა ორ ან მეტ ფრაგმენტად. ერთიან ეკოსისტემას დაყოფის შედეგად უფრო მეტი კიდე (საზღვარი) უჩნდება. თითოეული ფრაგმენტის საზღვარზე გარემო სერიოზულ ცვლილებებს განიცდის, რასაც ეკოლოგიაში კიდეების ეფექტი ეწოდება.
ტყეში გზის გავლის შედეგად ტყე ორ ნაწილად გაიყოფა. შუაგული ტყის ადგილას გაჩნდება ორი ტყისპირი. ორივე ნაწილს გაუჩნდება კიდე (საზღვარი), რომლის მიკროგარემოც განსხვავდება ტყის შიდა გარემოსაგან. აქ უფრო მოჭარბებულია ქარი, ნაკლებია ტენი, მომატებულია ტემპერატურა და ეს ყველაფერი ტყის ხანძრის დიდ ალბათობას ქმნის. მთელი გზის გასწვრივ, გზიდან გარკვეულ მანძილზე (რომელიც რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდეც შეიძლება შეიცვალოს) სახეობები აღარ სახლდებიან, ვინაიდან გაურბიან შეცვლილ ფიზიკურ გარემოს, ხმაურს, დაბინძურებას, ბრაკონიერებს“, – აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი.
რატომ შენდება გზა – რას ამბობს სახელმწიფო
გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზის მოწყობის პროექტი კურორტის რეაბილიტაცია-განვითარების ერთ-ერთი კომპონენტია. მისი განხორციელების შემთხვევაში მოხდება კურორტზე გამავალი გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობის არიდება, რაც შეამცირებს ლოკალურ დონეზე ჰაერის ხარისხზე სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეულ ზემოქმედებას. რაც სხვა დაგეგმილ პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს აბასთუმნის, როგორც კურორტის როლის ამაღლებას.
გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს შემუშავდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების (2015-2020 წლები) სტრატეგია, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი აბასთუმნის კურორტის განვითარებას უკავია. 2018 წელს შემუშავდა აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც სხვა ქმედებებთან ერთად ითვალისწინებს საკურორტო სივრცის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობას ახალციხე-ბაღდათი-ქუთაისის მარშრუტზე და კურორტის დაცვას სატრანზიტო მოძრაობისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით და აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული მნიშვნელობის გზის შესანარჩუნებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეიმუშავა დაბა აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი.
რაც შეეხება ზემოქმედებას გარემოზე, როგორც გზშ-ს ანგარიშში ამბობენ, პროექტს გავლენა ექნება გარემოზე, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს ზემოქმედება არ იქნება კრიტიკული. მათი თქმით, სახეობებზე ზემოქმედების შესამცირებლად უზრუნველყოფილი იქნება გზშ-ს ანგარიშში მოცემული შემარბილებელი ღონისძიებების სათანადო შესრულება და მონიტორინგი.
„ალტერნატივა 6-ის“ ნაკლები სიგრძის გამო, მოსაჭრელი ხე-მცენარეების რაოდენობა და შესაბამისად, ზემოქმედება მცენარეულ საფარსა და ჰაბიტატებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიის საზღვრებში ნაკლები, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება. შერჩეული ალტერნატივის დერეფანში მოქცეული ჰაბიტატებიდან არც ერთი კრიტიკული არ არის. კონკრეტულ სახეობებზე ზემოქმედება ანალოგიური ჰაბიტატების არსებობის გათვალისწინებით მაღალი არ იქნება. ზემოქმედების ხარისხი/სიდიდე დამოკიდებული იქნება სამუშაოების სწორ დაგეგმვასა და შემარბილებელი ღონისძიებების დაცვაზე“, – წერია გზშ-ში.