ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის” ადმინისტრირებისთვის შექმნილი აპლიკაციებისთვის დამატებითი თანხა არ გადაუხდიათ და ის შიდა რესურსით შექმნეს, – ამის შესახებ „პუბლიკისთვის” მიწერილი წერილით ირკვევა.
მოგეხსენებათ, რომ 1 თებერვლიდან საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. ის სულ 2 თვეს მოქმედებდა, ძალაში იყო 1 დეკემბრიდან. „პუბლიკამ” სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით წესით მიმართა, თუ რა დაჯდა მობილური აპლიკაციების შექმნა, რომელიც სამინისტრომ სპეციალურად COVID- პასპორტისთვის შექმნა. სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში კი ვკითხულობთ:
„პანდემიის პერიოდში შექმნილი მობილური აპლიკაციები CovidPass Georgia, Georgia e-Health და Georgia Validator შეიქმნა შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული აპლიკაციების შექმნისთვის არ განხორციელებულა რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვა”, – ნათქვამია მათ პასუხში.