„მწვანე პასპორტში“ უნდა შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ უნდა იყოს  „მწვანე პასპორტის“ მფლობელი, რადგან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილებით, გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში.

„შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე… უნდა მიეცეს მწვანე პასპორტი მათ, ვისაც ბოლო ექვს თვეში აქვს გადატანილი კოვიდ, მაგრამ მეორე მხარეც არის უკმაყოფილო. თუ ეს შემოიღეს, მაგრამ უკმაყოფილო დარჩებიან ისინი, ვინც გადაიტანეს კოვიდი და ვისაც უნდათ, რომ ჰქონდეთ გაფართოებული უფლებები, არ უნდათ რომ ჰქონდეთ შეზღუდული, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ოდესღაც გადაიტანა კოვიდი და პრეტენზია აქვს, რომ ჰქონდეს მწვანე პასპორტი, მაგრამ ეს იქნება თავის მოტყუება.

ამიტომ ჩვენ ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა, ჩვენ ეს იმისთვის გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანები, დავიცვათ ერთმანეთი და ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ შევამციროთ მაღალი სიკვდილობა. ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა“,- განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.