„მწვანე საშვს ახლავს ტექნიკური აღსრულების ნაწილი, მოკლე ხანში სისტემა მზად იქნება გასაშვებად“ – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „მწვანე პასპორტების“ შემოღების შესახებ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით დაინერგება საქართველოში „მწვანე პასპორტები“, უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ. პაკეტები უკვე შეთავაზებულია. „მწვანე პასრპორტი“ აუცრელი პირებისთვის გარკვეულ კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებზე მონაწილეობის შეზღუდვას ნიშნავს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით გეგმავს სახელმწიფო საქართველოში „კოვიდპასპორტების“ შემოღებას.

„ვაქცინაციის მხრივ, აუცილებელია ინდივიდუალურ დონეზე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კამპანიის გაგრძელება. მეორე რესურსი, რომელიც დარჩენილია ქვეყანაში და ჯერ არ გამოგვიყენებია – ეს არის მწვანე საშვის მექანიზმის აქტიური გაფართოება.

ჯერჯერობით, მწვანე საშვის მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში – დიდი კონფერენციებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, ჩვენს მეზობელ და ევროპის ქვეყნებში.

მწვანე საშვს ახლავს მთელი რიგი ეთიკური და ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც მიდის მუშაობა და მოკლე ხანში მზად იქნება ეს სისტემა გასაშვებად. მთავარი ახლა ისაა, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს უსაფრთხო.

არსებული მოდელით, ბევრი ქვეყნის გამოცდილებას ვიყენებთ., კოვიდპასპორტი მნიშვნელოვანია იქ, სადაც საქმე ეხება გართობის ღონისძიებებს, სარესტრონო ბიზნესს; მნიშვნელოვანია  სასტუმროების უსაფრთხოებისთვის, მაგრამ კოვიდპასპორტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროებების შემთხვევაში – სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ჩვენ უნდა დავიწყოთ და ვნახოთ, რა მიმართულებით და რამდენად ფართოდ შეგვიძლია მისი გამოყენება.

საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და დაზუსტდება ვადები, როდიდან შევა ძალაში მწვანე პასპორტი.“  – განაცხადა თამარ გაბუნიამ.