მწვანე შუქი იპოდრომთან მშენებლობას - რისი აშენება იგეგმება

პუბლიკა

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩა №13-ში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი, რის საფუძველზეც ადგილზე შესაძლებელი გახდება მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2).

„ვინაიდან საპროექტო არეალი მდებარეობს საქალაქო მნიშვნელობის, მაღალგამტარიანი უწყვეტი გზის გასწვრივ და ვრცელდება გეგმარებითი კარკასი, სამშენებლო არეალი ხასიათდება მაღალი სამშენებლო და ქალაქგეგმარებითი რესურსით. არეალის, სწორედ ამ პარამეტრების შესწავლის შემდეგ შემუშავდა საპროექტო წინადადება, რომელიც მოიაზრებს ფუნქციური ზონის ცვლილებას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 -ის (სსზ-2) გავრცელებას”, – წერია კომპანიის მიერ მომზადებულ საპროექტო წინადადებაში.

ეს ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ „ფონდი ქართუსგან“ 2023 წელს შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. შპს ცენტრალ პარკ ავენიუს დირექტორი სოსო ფხაკაძეა.

„იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ”, – 19 ივნისს აქცია საკრებულოსთან დაიგეგმა. 

„თბილისის საკრებულომ უჩუმრად და მოქალაქეთა ინტერესების სრული უგულებელყოფით იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ამით თბილისში შემორჩენილი ერთადერთი გამწვანებული სივრცის დაბეტონებას საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი.

ეს მშენებლობა საბოლოოდ დაასამარებს ამ ისტორიულ ადგილს, მის ეკოლოგიურ და სოციალურ მნიშვნელობას, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს და მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც ჯაჭვურად მოყვება ხოლმე ამდენად გაუაზრებელსა და დანაშაულებრივ მასშტაბურ მშენებლობებს.

ის, რაც სახელმწიფომ ყოფილ იპოდრომს დამართა, არის უსამართლობით გაბრაზებული ადამიანებისთვის სახეში შეფურთხება და იმის სრული დემონსტრირება, რომ არაფერს აქვს აზრი, ოდიოზური მმართველების ბიზნეს ინტერესების გარდა.

ეს გადაწყვეტილება არის დანაშაული ამ ქალაქის მაცხოვრებლების წინაშე და ამას არ შევეგუებით, ამიტომ ოთხშაბათს, 19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან (თავისუფლების მოედანზე) გელით ყველას, ვისაც იპოდრომის ბედი გადარდებთ.

მოვითხოვთ, გაგვცენ პასუხი, ბუნებაში არსებული რომელი მიზეზის საფუძველზე შეუცვალეს ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი!  მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალონ ეს უღირსი და მერკანტილური გადაწყვეტილება. ეს ქვეყანა ჩვენია და ამის შესახსენებლად, კიდევ ერთხელ, ოთხშაბათს, 19:00 საათზე ყველამ უნდა გამოვნახოთ დრო იპოდრომის დასაცავად”, – წერია აქციის ანონსში.