მყარად დადექით უკრაინელთა გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია - ჯონსონის ბოლო სიტყვა

პუბლიკა

დღეს ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლოჯერ წარსდგა. ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას მოკლედ შეაჯამა თავისი მიღწევები და მომავალ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა.

„მინდა ჩემი ბოლო წამები გამოვიყენო და რჩევა მივცე მომდევნო პრემიერ-მინისტრს, ვინც არ უნდა იყოს ის:

დარჩით ახლოს ამერიკელებთან, მყარად დადექით უკრაინელთა გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან! შეამცირეთ გადასახადები და მოხსენით რეგულაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის.

მე მიყვარს ხაზინა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ხაზინისთვის რომ მოგვესმინა M25-ს ვერ ავაშენებდით.

კონცენტრირდით ჩვენს წინ მდებარე გზაზე, თუმცა არ დაგავიწყდეთ უკანა ხედვის სარკეების შემოწმებაც. და დაიმახსოვრეთ უპირველეს ყოვლისა, Twitter კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ხალხი, ვინც აქ, სამართავად გამოგვზავნა.

გასული წლები ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მე დავეხმარე „კონსერვატორებს“ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოეპოვებინათ. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი პოლიტიკის ტრანსფორმირება და აღვადგინეთ ეროვნული დამოუკიდებლობა,

ჩვენ დავეხმარეთ ამ ქვეყანას პანდემიასთან გამკლავებაში და სხვა ქვეყანას ბარბაროსებისგან თავის დახსნაში. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საკმარისია გასაგრძელებლად. მისია, ამ დროისთვის, დიდწილად შესრულებულია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო სპიკერო, მინდა მადლობა გადავუხადო შესანიშნავ პერსონალს, ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოპოზიციონერ მეგობრებს, მადლბას ვუხდი ყველა აქ მყოფს – hasta la vista, baby!“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონს თანამდებობის დატოვება გუნდში არსებული განხეთქილების გამო მოუწია. ამ დროისთვის მომავალი პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში სამი კანდიდატია დარჩენილი: ყოფილი კანცლერი რიში სუნაკი, თავდაცვის ყოფილი მდივანი პერი მორდონტი და საგარეო საქმეთა მდივანი – ლიზ ტრასი.