მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოში პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა შეიტანა

პუბლიკა

„ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმე მისი დაკავებიდან დღემდე უკანონოა და უფლებადამცველები ცდილობენ, ეს უკანონობა დაასრულონ.

„ვრცელი და მოცულობითია ეს შუამდგომლობა. სავსებით დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული იმ სამართლებრივი გარემოებიდან დაწყებული, რომელიც შეეხება მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას და ეს გარემოებები კვლევის შედეგად ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ შსს-ს. უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს დაკავების კანონიერებაზე დღემდე არ უმსჯელია და არ მოუმართავს სასამართლოსთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მზიას ადმინისტრაციული დაკავება იყო უკანონო, რაც სასამართლომ თითქოსდა გამოიყენა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობისთვის, როგორც გარემოება.

მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ უკანონობა გრძელდება ერთი თვეა და სასამართლომ უნდა გამოასწოროს ეს ხარვეზები“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, მზიას ადმინისტრაციული დაკავების ოქმში წერია, ის პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს, მზიას დაკავების კადრებში კი კარგად ჩანს, რომ დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მუხლი, რომელიც სტიკერის გაკვრას შეეხება, პატიმრობას არ ითვალისწინებს, ამიტომ პოლიციამ მზიას ოქმი შეცვალა ისე, რომ ახალი მუხლით მისი დაკავება გამართლებულიყო.

გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავება პროკურატურამ მისი სისხლის სამართლის  საქმის დასამძიმებლად გამოიყენა.

მედიამენეჯერის უფლებადამცველი ამბობს, რომ ქმედება, რომლის გამოც მზია პოლიციელზე თავდასხმის მუხლითაა დაკავებული, პოლიციელზე თავდასხმად ვერ შეფასდება.

ადვოკატის თქმით, საქმეში დევს დგებუაძეს დაქვემდებარებული პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც სარწმუნოდ ვერ შეფასდება.

ხიმშიაშვილის განმარტებით, სასამართლოს 24 საათი აქვს იმის გადასაწყვეტად, განიხილავს თუ არა ამ შუამდგომლობას. თუ განცხადებას წარმოებაში მიიღებს, მომდევნო 24 საათში უნდა ჩაინიშნოს ზეპირი განხილვის სხდომა და იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.


რას ეყრდნობა დაცვის მხარის შუამდგომლობა

მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ „ბათუმელების“ დირექტორის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდაა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა. ადვოკატების შეფასებით, ამაღლობელის საქმე აკმაყოფილებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ყველა კრიტერიუმს.

ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით, საქმის მასალებში ახალი გარემოებებია, რის საფუძველზეც მიმართეს სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი პატიმრობა ოდესმე დასაბუთებული იყო“, – ხაზს უსვამს ადვოკატი და განმარტავს, რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

„მზიას პატიმრობა ეფუძნებოდა ორად ორ გარემოებას. ეს გახლდათ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

სასამართლო მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეს ასაბუთებდა ზოგადი, აბსტრაქტული ფრაზებით და ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა პროკურატურას, რომ იმ ეტაპზე, შესაძლოა, გამოძიებას დასჭირვებოდა დემონსტრანტების, მომიტინგეების გამოკითხვა, არაერთი პირის და რომ შესაძლოა, რომელიმე მათგანს რამე კავშირი ჰქონოდა მზია ამაღლობელთან და ა.შ. და რომ შესაძლოა, ყოფილიყო ასეთ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა, და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. ეს არის მთელი ბრალდების მტკიცებულებები და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ბრალდებამ მიმართა აჭარის ტელევიზიას ვიდეო მასალის გამოთხოვაზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ როცა მასალები ჩავიბარეთ, ესეც კი არ ჰქონდათ მიღებული, ვიდეო მასალა აჭარის ტელევიზიიდან, იმდენად არ ჩქარობს გამოძიება.

მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ ბრალდების ეს მოთხოვნა, მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და ამ 4 პოლიციელისთვის ეკითხა, სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დგებუაძეს სახეზეო, ეს გახლავთ მთელი ბრალდება.

ეს ოთხივე პოლიციელის ჩვენება იდენტურია, სხვაობა არის მხოლოდ რა – ზოგიერთი პოლიციელის ჩვენებაში წერია, რომ ბატონ დგებუაძეს გაწითლებული ჰქონდა ლოყა-ყურის არე, რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაში არის, რომ მას გაწითლებული ჰქონდა ლოყის და ყურის არე, ეს სხვაობაა მხოლოდ.

ბრალდებას არც უცდია, არც გამოუკითხავს რომელიმე სხვა მოწმე მანიფესტანტი, რითიც ასაბუთებდა აღკვეთის შუამდგომლობას. არც ერთი ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არ გამოუკითხავს და მათ ინტერესში არ შედის. მთელი ბრალდება დგას დაზარალებულის [ირაკლი დგებუაძე] და 6 პოლიციელის ჩვენებაზე.

ჩვენ შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წარვუდგენთ მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა. სასამართლომ ამ ეტაპზე უნდა იმსჯელოს და ბრალდებამ უნდა ასაბუთოს, რითია დასაბუთებული ის ფაქტორი, მოწმეებზე ზემოქმედების გარემოება როგორაა დასაბუთებული ამ ეტაპზე და რატომაა საჭირო მხოლოდ პატიმრობაში იყოს მზია ამაღლობელი, იმიტომ რომ, არ ვიცი, რომელი მოწმე არსებობს რომელ გალაქტიკაში, რომლის დაკითხვაც შეიძლება, უნდოდეს ბრალდებას.

ეს საფუძველი აბსოლუტურად გამოცლილია. დაკითხულია ყველა. გარდა იმისა, რომ დაკითხულია ყველა, ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეოფაილი და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია.

სასამართლო მზია ამაღლობელის პატიმრობა დააყრდნო მის წინმსწრებ ადმინისტრაციულ პატიმრობას. ეს გახლავთ უკანონო დაკავების ოქმი. ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს.

მაშინ სასამართლო მასალებში თავისთავად ცხადია, ბრალდება არ წარადგენდა იმ ვიდეოფირს, სადაც აშკარად და თვალნათლივ ჩანს, რა გარემოებებში ხდება მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავება. ვიდეოფირში ძალიან კარგად დაინახავთ, იმ წუთას რომ ეკითხებიან, რატომ დააკავეთ მზია ამაღლობელიო, ბატონი დგებუაძე პასუხობს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე ანუ სტიკერის გაკვრის გამო. თუმცა სისხლის სამართლის საქმეში გამოჩნდა ყალბად შედგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და ამ ოქმში წერია ასეთი რამ, რომ მზია ამაღლობელი თურმე იდგა აქციაზე და პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა „რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო“ და არაერთი მოწოდების მიუხედავად მან არ შეწყვიტა ეს ქმედება.

მოსამართლე დაეყრდნო უკანონო ოქმს. ჩვენ წარვადგენთ ვიდეოფირს, სადაც თვალნათლივ ჩანს და ამბობენ, რის გამოც დააკავეს მზია ამაღლობელი და ამ გარემოებას ვერ უნდა გაექცეს სასამართლო და როგორც მინუმუმ, უტყუარად ადასტურებს, რის გამოც დააკავეს, მაგრამ უტყუარობაზეც რომ არ ვისმჯელოთ, ეჭვიც რომ შეიტანოს მოსამართლემ, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამიტომ მეორე გარემოება, რომელიც ეყრდნობოდა მხოლოდ ამ ყალბ ოქმს, გამოირიცხება ამ ვიდეოთი.

ამ ორ გარემოებასთან დაკავშირებით რასაც წარვადგენთ ახალ მტკიცებულებებს, მზიას გამოკითხვის ოქმს, გარდა იმისა, რომ ამოწურულია გამოძიება და ფაქტობრივად საპროცესო მოქმედებების თვალსაზრისით და რაც შეეხება ვიდეოფაილს, რამდენიმე ფაილია, ჩვენ ვიშუამდგომლებთ სასამართლოში და მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გაუქმებას.

ვიდრე საფუძვლებზე მსჯელობაზე გადავა სასამართლო, მთავარი გარემოება ყოველთვის არის და სტრასბურგის სტანდარტი მოითხოვს ამას, რომ სამართალდარღვევა უნდა იყოს იმდენად მძიმე და სამართალდარღვევა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი დამაზიანებელი შედეგები უნდა ჰქონდეს მას და ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე პატიმრობა გამართლებული.

ჩვენს შემთხვევაში რატომაა ბრალდება მანიპულირებული – სხვა მუხლით მზიას პატიმრობას ბრალდება ვერ მოითხოვდა, ამიტომ მისი ბრალდება შეფასდა 353 პრიმა მუხლით, რომელიც არ არის მზიას ქმედება. მზიას ქმედება არათუ არ არის პოლიციელზე თავდასხმა, არამედ არ არის საერთოდ დანაშაული. სასამართლოს შუამდგომლობაში ვასაბუთებთ, რომ ამ ეტაპზე ცალსახა ეჭვი იმისა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა თავდასხმა არ არსებობს. მზია ამაღლობელის სილის გაწვნას რომ დავარქვათ ტერორიზმი, იქნება ეს ტერორიზმი?

მზიას ქმედება გახლავთ ერთი სილა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმა არ არის და პოლიციელის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო არ იყო ეს ჩადენილი.. რაც მთავარია, დოკუმენტებში, ბრალში მითითებულია, რომ შურისძიების ნიადაგზე თავს დაესხა, მაგრამ ბრალდება არ წერს, რას უკავშირდება მისი შურისძიება.

გამოძიება ცდილობს, დანაშაულის ეპიზოდი დაიწყოს სილის გაწვნის მომენტიდან. ცხადია, ეს ამბავი არ იწყება იქ, ეს ამბავი იქ მთავრდება. ეს ამბავი იწყება იქიდან, როცა დააკავეს არაერთი მოქალაქე და როგორც მინიმუმ ციალა ქათამიძე, რის გამოც მზია მივიდა აქციაზე და თავად მზია დააკავეს უკანონოდ, მაგრამ გამოძიების მასალებში ამაზე არაფერი არაა და გაუგებარია, რა მოტივი ამოძრავებდა მზიას.

ამ საქმეზე ცხადი და აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი. საქმეში დაზარალებულია ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეს იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი და ამ საქმეზე მთავარი მოწმე გახლავთ ამ დანაყოფის უფროსი, რომელიც მზიას დამკავებელია, ამ საქმეზე ყველა მოწმე გახლავთ ამავე დეპარტამენტის პოლიციელი. სრულიად ჩაკეტილი მოცემულობა გახლავთ“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

მაია მწარიაშვილს აქვს ეჭვი, რომ „ოცნებას“ საკუთარი გარანტიისთვის სურს, მზიას საქმეზე შექმნას პრეცედენტი, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა. მისი თქმით, სხვაგვარად, ქართულ მართლმსაჯულებაში არ არსებობს გადაწყვეტილება, სადაც სილის გაწვნა შეიძლება, შეფასდეს თავდასხმად.