მზად ვარ მელიას გირაოსთვის ჩემი ხელფასი გადავრიცხო - ალეკო ელისაშვილი

პუბლიკა

„მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზადაა ნიკა მელიას გირაოსთვის საკუთარი ხელფასი გადარიცხოს.

მისივე თქმით, „მოქალაქეები” მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მას „ნაციონალური მოძრაობა” გულზე არ ეხატება, მაგრამ ადამიანურად, იგი მზადაა ნიკა მელიას დაეხმაროს, და მიიჩნევს, რომ მას აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ხოლო სისტემა, რომელიც ამას აკეთებს თავად „ნაციონალური მოძრაობის” შექმნილია.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.