მზად ვარ მივცე თავშესაფარი ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში - მიტროპოლიტი სტეფანე განკვეთილ ბერებზე

პუბლიკა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანეს განცხადებით, იგი ეკლესიიდან მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, მათი თხოვნის მიხედვით, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს.

„ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით, მათ მივცე თავშესაფარი, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. რახან ადგილი და თავშესაფარი არ აქვთ, კი ბატონო, მე მივცემ მათ თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ განჩინების მიხედვით, სასულიერო პირებს მონასტერი უნდა დაეტოვებინათ, რადგან ისინი განკვეთილები არიან.

„დღეს გვქონდა წირვა, მე არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, არაფერი გამიკეთებია, რასაც თქვენ ამბობთ. ჩავატარე წირვა. ეს ადამიანები იყვნენ რამდენგზის გაფრთხილებულები, შემდეგ რამდენიმე სასჯელდადებულები. ბოლოს თავდასხმა მომიწყვეს სკოლაში და ამით ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ გაყვანას ერისკაცობამდე. საერო პირებად, სადაც უნდათ იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ – არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში. პოლიციელების შეურაცხყოფაზე გადასულან და პოლიციამ განარიდა აქაურობას.“

სალხინოს მამათა მონასტრიდან დღეს სასულიერო პირები პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რასაც ხმაური მოჰყვა.

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში დღეს მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები პოლიციამ გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა.