მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან არაფორმალური დიალოგის გაფართოებისთვის - ახვლედიანი

პუბლიკა

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველო მზადაა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის.

„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია აღნიშნული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში. ამ კუთხით მისასალმებელი შედეგებიც არსებობს – ჩვენ დაგვიგროვდა რიგ სფეროებსა და კონკრეტულ საკითხებზე ამგვარი დიალოგის გზით თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება.

ეს პროცესი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება, გახდება უფრო ინტენსიური და საერთო ინტერესების თემებზე ეფექტიანად იქნას გამოყნებეული კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის ფორმატში ჩაერთოს საზოგადოების შეძლებისდაგვარად ყველა რგოლი” – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.