ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის პოზიციაა, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინასაც მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ რაც მათთვის დასახულ რეფორმებს გაატარებენ.
„ეს ომი ასევე გარდაქმნის ევროკავშირს. რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ კანდიდატის სტატუსი მივცეთ უკრაინასა და მოლდოვას.
ჩვენ მზად ვართ, კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ ბოსნია-ჰერცოგოვინასა და საქართველოს, მას შემდეგ, რაც ისინი გაატარებენ შესაბამის რეფორმებს. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ.
ბოსნია-ჰერცოგოვინა ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატია. მათთვის ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების რეკომენდაცია 2019 წელს წარადგინა. საქართველომ კი წელს ევროპული პერსპექტივის დადასტურება მიიღო და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.