მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე - ერევანი

პუბლიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მზად არიან 1994-1995 წლების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

ერევანი აცხადებს, რომ მიესალმება მინსკის ჯგუფის მოწოდებას, მხარეებმა შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ დიალოგი ეუთოს შექმნილ ფორმატში, თუმცა აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი აგრესია, სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ძირს უთხრის მშვიდობას რეგიონში და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაუყონებლიც უნდა შეწყდეს.

„სომხეთი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა და გმობდა აზერბაიჯანისგან მომდინარე საფრთხესა და ძალის გამოყენებას, თურქეთის უშუალო მონაწილეობას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი აგრესიული მოქმედებები და უცხოური ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლების გამოყენება ძირს უთხრის რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას, მნიშვნელოვნად ზრდის სრულმასშტაბიანი ომის რისკს. ეს აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიას ჩვენ კვლავ მკაცრ პასუხს გავცემთ, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა აღვადგინოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. ორმხირივი სამხედრო მოქმედებების შედეგად გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ასობით სამხედრო და არაერთი სამოქალაქო პირი.