პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, ჩარტერული რეისებიც კი დანიშნოს იმისათვის, რომ ქვეყანაში არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები, დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას, ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით. ამისათვის ჩვენ ორი თვის წინ, შევქმენით სამუშაო ჯგუფი, შევიტანეთ ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, კოვიდ პანდემიის პირობებში განვსაზღვროთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს სრული მზადყოფნა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში“.