მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა წინ წავწიოთ ეს კანონპროექტი - სენატორები შაჰინი და რიში „მეგობარი აქტზე“

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ეხება კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“ მიღებას. 

„MEGOBARI აქტი უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში საუბარია სხვა კანონმდებლობებზეც.

„როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ქმედითი კანონპროექტები“, – წერენ სენატორები.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. ძალაში შესასვლელად, MEGOBARI აქტს კენჭი ჯერ სენატმა, ხოლო შემდეგ კონგრესმა უნდა უყაროს. სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც MEGOBARI ACT-ის თანაავტორია, აცხადებს, რომ აქტის დამტკიცება მკაფიო მესიჯია ქართველი ხალხისთვის. მისი თქმით, მათ აქვთ იმედი, რომ ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს.

MEGOBARI ACT ითვალისწინებს:

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;