მინერალური წყლის კომპანია „საირმის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან „კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის“ მზად არიან. თუმცა კომპანიია ხელმძღვანელობა პირობად აყენებს, რომ დიალოგი ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის, „ლაბორის“ წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის გარეშე დაიწყოს.
„ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის გაფიცულებთან გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ვფიქრობთ, რომ ის არ იცავს არამხოლოდ გაფიცულების, არამედ პროფკავშირის ინტერესსაც“, – აცხადებს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.
კომპანიის განცხადებით, ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ჩართულები მედიაციის პროცესში, მაგრამ 21-დღიანი მოლაპარაკების პარალელურად, დასაქმებულებმა დაიწუნეს მენეჯმენტის შეთავაზებები, რამდენჯერმე შეცვალეს თავიანთი მოთხოვნები, შემდეგ კი, 13 თებერვალს მედიაციის დასრულებამდე გაიფიცნენ.
„კომპანიამ განიხილა მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა საბოლოო ჯამში მათი მოთხოვნები გაიზარდა, ამასთან ადგილი ჰქონდა გიორგი დიასამიძის მხრიდან პროვოკაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას, რამაც მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა“, – აცხადებს „საირმე“.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, დასაქმებულთა ანაზღაურებაა. ამისთვის ისინი აცხადებენ, რომ დასაქმებულებისგან თანხმობის შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობა გაასაჯაროონ, რათა „საზოგადოებას, მედიას და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს რეალურ და სწორ ინფორმაციას“.
„2022 წელს „საირმე მინერალ ვოთერსში“ თანამშრომლის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, ამასთან, ხელფასის ზრდა ბევრად აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს. დღეს, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია. ამასთანავე, ყველა თანამშრომელს აქვს დაზღვევა, რომელსაც კომპანია იხდის“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელობა.
„საირმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას გამოეხმაურა თავად გიორგი დიასამიძეც.
„მინერალ ვოთერსში“ გაფიცვის პარალელურად მიმდინარეობს პროფკავშირების და ჩემი დისკრედიტაცია, ფიქრობენ რომ ამ გზით შესაძლებელია პროტესტის მარგინალიზება. ძირითადი ბრალდებები მდგომარეობს შემდეგში, რომ მე ვარ ნაცი (როცა აწყობთ ქოცი ვარ) აქვე საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოში მოქმედი არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მოსახლეობის ინტერესებს.
პოლიტპარტიები ერთმანეთის კინკლაობით და დაპირისპირებით საზოგადოების ძირითადი საჭიროებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობენ ძირითადი პრობლემების დასაქმების, დაბალი შრომითი სტანდარტების, მცირე ხელფასების და სოციალური პრობლემებისგან! მოგიწოდებთ, დავუდგეთ საირმის გაფიცულებს გვერდით და გადავარჩინოთ 35 ქართველი ემიგრაციას, მათ კომპანია არ ურიცხავს შრომის ანაზღაურებას“, – წერს დიასამიძე Facebook-ზე.
„საირმის“ ქარხანასთან გაფიცული დასაქმებულები კვირას, 26 თებერვალს 14:00 საათზე აქციას გეგმავენ.
პროფკავშირის განცხადებით, დასაქმებულები მოითხოვენ:
- ხელფასის 30%-იან ზრდას;
- საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას;
- საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას;
- ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს;
- აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას;
- დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას;
- კოლექტიურ შეთანხმებას;
- დამფუძნებლებთან შეხვედრას, რადგან მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას.