„მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან”, – ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA ეხმაურება ჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში გამართულ აქციას.
„გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.
ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.
მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები წამოაყენეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს ხვალ 12 საათამდე დაელოდებიან.
აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალიდან დედაქალაქის პარალიზება დაიწყება და „ვერავინ ვერსად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს“.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
-
- გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დადგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები;