მზად ვართ ისეთი სანქციებისთვის, როგორიც აქამდე არ გინახავთ - კამალა ჰარისი რუსეთზე

პუბლიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში რუსეთს „ისეთ სანქციებს დაუწესებენ, რაც არ გვინახავს აქამდე“. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცია და შესაძლოა თუ არა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში სრულმასშტაბიანი ომი ვიხილოთ, ჰარისმა უპასუხა, რომ ბაიდენი ამის შესახებ ესაუბრა პუტინს და მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმას მსგავსი სანქციები მოჰყვება.

„ჩვენ პირდაპირი დიალოგი გვაქვს რუსეთთან. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ონლაინ ესაუბრა პუტინს და ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიოს უკრაინის სუვერენიტეტი. რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვიყავით ძალიან მკაფიო, რომ მზად ვართ ისეთი სანქციებისთვის, რომელიც თქვენ არასდროს გინახავთ აქამდე“, – განაცხადა ჰარისმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს უშუალოდ ვლადიმერ პუტინის სანქცირებას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ დეტალების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებს.

„თუმცა, ჩვენ მისთვის ძალიან ნათელი გავხადეთ ეს საკითხი და ჩვენ მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან და მოდი, გამოვიყენოთ ეს გამოწვევა იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია მათთან ასეთი თანამშრომლობა“, – თქვა ჰარისმა.

ვიცე-პრეზიდენტი CBS-თან დასძენს, რომ მართალია წინა სანქციებმა პუტინი ვერ შეაჩერა, მაგრამ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ის სანქციები, რომელსაც აშშ ახლა გამოიყენებს, აქამდე არასდროს გამოუყენებია.